logo
ENG



პაპუაშვილი საზოგადოების სახელით ოპოზიციისთვის "პასუხის მოთხოვნას" აანონსებს

26 ივლ 202412:01
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოების სახელით ოპოზიციისთვის "პასუხის მოთხოვნას" აანონსებს. კერძოდ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "რომელ ქალაქში, სოფელში და უბანშიც არ უნდა მივიდეს ოპოზიცია, გასაკვირი არაა, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ".

"ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესავდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არ არის, ეს მათი ნირი და წესია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ მოსცილდნენ საკუთარ Facebook გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავთ რუსეთში, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?

და ბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ", - თქვა პაპუაშვილმა. 


close დახურვა